YouVersion Logo
Search Icon

Esther (Hebrew) 4

4
1როცა მორდექაიმ შეიტყო ყველაფერი, რაც მოხდა, შემოიხია სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო, თავზე მიწა-მტვერი გადაიყარა, შუაქალაქში გავიდა და ხმამაღლა მოთქვამდა გამწარებული 2და მეფის კარიბჭემდე მივიდა, რადგან არ შეიძლებოდა მეფის კარიბჭეში ჯვალოთი შესვლა. 3ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და განკარგულება მივიდა, დიდი გლოვა, მარხვა, გოდება და ქვითინი ჰქონდათ; ბევრი ძაძებსა და მიწა-მტვერში იჯდა.
4და მივიდნენ ესთერის მხევლები და მისი საჭურისები და მოახსენეს მას ეს ამბავი. ძლიერ შეძრწუნდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მორდექაი და გაეხადა ჯვალო, მაგრამ მან არ მიიღო. 5და მოუხმო ესთერმა ჰათაქს, მეფის საჭურისს, რომელიც მას ემსახურებოდა და უბრძანა, წასულიყო მორდექაისთან და გაეგო, რა იყო ეს და რის გამო. 6და გავიდა ჰათაქი მორდექაისთან, ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ. 7და მოახსენა მას მორდექაიმ ყოველივე, რაც შეემთხვა და ვერცხლის ზუსტი თანხის ამბავი, რომლის მეფის საგანძურებში შეტანაც ჰქონდა აღთქმული ჰამანს იუდაელთა მოსასპობად. 8და გადასცა ნუსხა განკარგულებისა, შუშანში რომ იყო გამოსული მათ ამოსაწყვეტად, რათა ეჩვენებინა იგი ესთერისათვის, ეუწყებინა მისთვის და ებრძანებინა, რომ მისულიყო მეფესთან, შევედრებოდა მას და წყალობა გამოეთხოვა მისგან თავისი ერისთვის.
9და მივიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მორდექაის ნათქვამი. 10და უთხრა ესთერმა ჰათაქს და მორდექაისთან დააბარა: 11მეფის ყველა მსახურმა და მის სამთავროთა ხალხმა იცის, რომ ყოველი კაცისთვის თუ ქალისთვის, ვინც კი მეფისგან მოუხმობლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი კანონია – სიკვდილი, ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩება, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის. მე კი უკვე 30 დღეა, რაც მეფესთან მისასვლელად არ ვყოფილვარ დაძახებული. 12და მიუტანეს მორდექაის ესთერის ნათქვამი. 13და მორდექაიმ ესთერს საპასუხოდ შეუთვალა: არ გეგონოს, მეფის სახლიდან მხოლოდ შენ გადარჩე იუდაელთაგან, 14რადგან ახლა თუ დადუმდები, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა, შენ და შენი მამის სახლი კი დაიღუპებით. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დღისათვის ეწიე შენ დედოფლობას? 15მიუგო პასუხად ესთერმა მორდექაის: 16წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელ იუდაელობას და იმარხულეთ ჩემთვის; და ნუ ჭამთ და ნუ სვამთ სამ დღეს, ნურც ღამით და ნურც დღისით; მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად; ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება. და, თუ დავიღუპები, დავიღუპო! 17და წავიდა მორდექაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in