YouVersion Logo
Search Icon

Luke 6

6
1ისე მოხდა, რომ ერთ შაბათს, როდესაც ყანებზე გადიოდა, მისი მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელზე იფშვნეტდნენ და ჭამდნენ. #რჯ 23:25. 2ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ, რისი გაკეთებაც შაბათს ნებადართული არ არის?“ 3მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდათ მას და მის თანმხლებთ? #1მფ 21:1-6. 4როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და მის თანმხლებთაც დაურიგა, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?“ #ლევ 24:9. 5და უთხრა მათ: „კაცის ძე არის შაბათის უფალი.“
6და მოხდა ისე, რომ სხვა შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. 7მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, – შაბათს თუ განკურნავსო, რათა მიზეზი ეპოვათ მის დასადანაშაულებლად. 8მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: „ადექი და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში. 9უთხრა მათ იესომ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს სიკეთის ქმნა ეგების, თუ ბოროტისა? სიცოცხლის ხსნა, თუ დაღუპვა?“ 10და გადახედა ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე ხელი!“ ის ასეც მოიქცა და აღუდგა ხელი. 11ისინი კი მრისხანებით აღივსნენ და ერთმანეთში თათბირობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12ისე მოხდა, რომ იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღმერთის მიმართ ლოცვაში გაატარა. 13დღე რომ დადგა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტნი, რომელთაც მოციქულები უწოდა: 14სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, 15მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული, 16იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა დავაკებულ ადგილას. იყო იქ მრავალი მისი მოწაფე და დიდძალი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ტვიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან, 18რომელნიც მოვიდნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნებლად – უწმიდური სულით გატანჯულნიც – და იკურნებოდნენ. 19მთელი ხალხი ცდილობდა, შეხებოდა მას, რადგან მისგან ძალა გამოდიოდა და ყველას კურნავდა.
20თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და უთხრა: „ნეტარნი ხართ თქვენ, გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სასუფეველი; 21ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით; ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირის, რადგან იცინებთ; 22ნეტარნი ხართ, როდესაც სძულხართ ადამიანებს, როდესაც გაძევებენ და გლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს დევნიან, როგორც ბოროტებას, კაცის ძის გამო. #1პტ 4:14. 23გაიხარეთ იმ დღეს და ილხინეთ, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები. #2ნშ 36:16; საქ 7:52. 24მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდრებო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. 25ვაი თქვენ, ვინც ახლა მაძღარნი ხართ, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, რადგან იგლოვებთ და იტირებთ. 26ვაი თქვენ, როდესაც ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველებს მათი მამები.
27ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. 28აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენს შეურაცხმყოფელთათვის. 29ვინც ლოყაში გაგარტყამს, მეორეც მიუშვირე. ვინც მოსასხამს გართმევს, პერანგსაც ნუ დაუკავებ. 30ყველას, ვინც გთხოვს, მიეცი, და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. 31როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. #მთ 7:12. 32თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. 33თუ სიკეთეს გაუკეთებთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა პატივია? ცოდვილნიც ასევე იქცევიან. 34თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რა მადლია? ცოდვილებიც ასესხებენ ცოდვილებს, რომ დაიბრუნონ იმდენივე. 35ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და გაასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: უზენაესის ძენი იქნებით, რადგან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართ. 36იყავით მოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა მოწყალე.
37ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ განკიცხავთ და არ განიკიცხებით; მიუტევეთ და მოგეტევებათ. 38მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“ 39უთხრა მათ იგავიც: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? #მთ 15:14. 40არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, ხოლო განსწავლული იქნება, როგორც მისი მოძღვარი. #მთ 10:24,25; იო 13:16; 15:20. 41რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? 42როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘ძმაო, შენი თვალიდან წველი ამომაღებინე,’ საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.
43რადგან არ არსებობს კარგი ხე, ცუდი ნაყოფი რომ მოისხას, არც ცუდი ხე – კარგი ნაყოფი რომ მოისხას. 44რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა: ხომ ვერ მოკრეფენ ეკალზე ლეღვს და ვერც მაყვლის ბუჩქებზე – ყურძენს. #მთ 12:33. 45კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი ბოროტისგან – ბოროტი, რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი. #მთ 12:34.
46რატომ მეძახით: ‘უფალო, უფალო,’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? 47ყველა, ვინც ჩემთან მოდის და ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს, მინდა გიჩვენოთ, ვის ჰგავს ის. 48იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები. 49ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც უსაძირკვლოდ ააშენა მიწაზე სახლი და როდესაც მდინარე ეკვეთა, მყისვე დაინგრა, და დიდი იყო იმ სახლის დაქცევა.“

Currently Selected:

Luke 6: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in