Luke 3
3
1ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როდესაც პონტოელი პილატე იყო განმგებელი იუდაში და ჰეროდე ტეტრარქი გალილეაში, ხოლო მისი ძმა, ფილიპე ტეტრარქი იყო იტურეასა და ტრაქონიტისის მხარეში, და ლისანიას ტეტრარქობისას აბილენეში, 2ანნას და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს, იყო სიტყვა ღმერთისა იოანეს, ზაქარიას ძის, მიმართ უდაბნოში. 3და დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად, 4როგორც წერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.#ესა 40:3-5. 5ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება. 6და ყოველი ხორციელი იხილავს ღმერთის ხსნას.’“ 7მოსანათლად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას? #მთ 12:34; 23:33. 8მაშ გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ იფიქრებთ და იტყვით გულში: ‘მამად აბრაამი გვყავს;’ რადგან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. #იო 8:33. 9ცული უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“ #მთ 7:19. 10ჰკითხა მას ხალხმა და უთხრა: „მაშ, რა ვქნათ?“ 11მიუგო და უთხრა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. და ვისაც საჭმელი აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“ 12მოვიდნენ მებაჟენიც, რომ მონათლულიყვნენ და უთხრეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?“ #ლკ 7:29. 13უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“ 14ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“ 15როდესაც ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, 16მიუგებდა და ეუბნებოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, 17ნიჩაბი მის ხელთაა, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში შეაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“ 18კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. 19ხოლო ჰეროდე ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის, ჰეროდიას, გამო, და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა, #მთ 14:3,4; მრკ 6:17,18. 20ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.
21როდესაც მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა 22და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეციდან ხმა: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“ #დაბ 22:2; ფს 2:7; ესა 42:1; მთ 3:17; მრკ 1:11; ლკ 9:35.
23თვით იესო, როდესაც იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა. და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ელისა, 24მათატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, 25მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგაისა, 26მაათისა, მატათიასი, სემეინისა, იოსექისა, იოდასი, 27იოანანისა, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, 28მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ერისა, 29იესუსი, ელიყეზერისა, იორიმისა, მათატისა, ლევისა, 30სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, 31მელეა, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა, 32იესესი, იობედისა, ბოაზისა, სალასი, ნაასონისა, 33ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ესრომისა, ფერეზისა, იუდასი, 34იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, 35სერუქისა, რაგავისა, ფელეკისა, ებერისა, სალასი, 36კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, 37მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მაჰალალეელისა, კაინანისა, 38ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმერთისა.
Currently Selected:
Luke 3: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013