James 5
5
1ახლა კი მისმინეთ თქვენ, მდიდრებო: იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებებზე, თქვენზე რომ მოდის. 2დალპა თქვენი სიმდიდრე, შეჭამა ჩრჩილმა თქვენი სამოსი. #მთ 6:19. 3თქვენი ოქრო და ვერცხლი დაიჟანგა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი: დაგიუნჯებიათ განძი უკანასკნელი დღეებისათვის. 4აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს და მომკელთა ძახილი უფალი საბაოთის ყურამდე აღწევს. #რჯ 24:14,15. 5თქვენ განცხრომას ეძლეოდით დედამიწაზე და ნებივრობდით, გულები დაისუქეთ, თითქოს დაკვლის დღისათვის. 6თქვენ მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი არ გაგიძალიანდათ თქვენ.
7ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწისმუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის ადრეული და გვიანი წვიმების მოსვლას. 8თქვენც მოითმინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა. 9ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ განკითხულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი. 10ჩემო ძმებო, მოთმინების მაგალითად მიიღეთ წინასწარმეტყველნი, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ. 11აჰა, ჩვენ ნეტარად მივიჩნევთ მათ, ვინც დაითმინა. იობის მოთმინება გსმენიათ და მისი უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და შემწყნარებელია უფალი. #იობ 1:21,22; 2:10; ფს 102:8.
12პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი „ჰო“ იყოს ჰო და „არა“ – არა, რათა სამსჯავროს ქვეშ არ მოხვდეთ. #მთ 5:34-37.
13ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს. 14არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მასზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. #მრკ 6:13. 15რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს. წამოაყენებს მას უფალი და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება. 16აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან დიდი ძალა აქვს მართლის ლოცვას. 17ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა დედამიწაზე წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. #3მფ 17:1; 18:1. 18და კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. #3მფ 18:42-45.
19ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, 20იცოდეთ, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს. #იგვ 10:12; 1პტ 4:8.
Currently Selected:
James 5: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013